ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგების შემთხვევაში ისინი საჰაერო თავდაცვითა და სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების ცნობით, საუბარია "სტრატეგიულ საშუალებებზე." 

საუბარია დაზვერვის, რეკოგნისცირების, მართვისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ევროპული ქვეყნების კონტინგენტი.

გაზეთის წყაროების ცნობით, შტატებმა შესაძლოა გამოყონ თავიანთი თვითმფრინავები, ლოგისტიკა და სახმელეთო რადარები - "რომელიც მხარს დაუჭერს და უზრუნველყოფს ევროპის მიერ დასაწესებელ არასაფრენ ზონას."

წყაროების ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა შეერთებული შტატების ჩართულობის ფორმაც შეიცვალოს. 

მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული ევროპული სახელმწიფოები, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით, ე.წ. მსურველთა კოალიციის ფარგლებში უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას განიხილავენ.

დასავლური მედიის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას 10-მდე ევროპული ქვეყანა განიხილავს.