ევროკავშირი ავითარებს გეგმას უნგრეთის ეკონომიკის შერყევის მიზნით, თუ ბუდაპეშტი ევროკავშირის მომავალ სამიტზე (1 თებერვალს) ისევ დაბლოკავს კიევისთვის დახმარების პაკეტს, იუწყება Financial Time ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ გაეცნო კონფიდენციალურ გეგმას, რომელშიც ბრიუსელი ასახავდა უნგრეთის ეკონომიკური პრობლემების გამოყენების სტრატეგიას. საუბარია უნგრეთის ვალუტის შერყევასა და საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირებაზე, რაც ზიანს აყენებს სამუშაო ადგილებსა და ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას.
როგორც FT აღნიშნავს, თუ უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი არ წავა დათმობებზე უკრაინასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ, აპირებს, საჯაროდ გამოაცხადოს ბუდაპეშტისთვის დაფინანსების სრული შეწყვეტის შესახებ "ბაზრების შესაშინებლად".
უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა იანოშ ბოკამ გამოცემას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ემორჩილება ზეწოლას და რომ უნგრეთი ვერ ხედავს კავშირს უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის სახსრებზე ხელმისაწვდომობას შორის.
გამოცემას ევროკავშირის დიპლომატიური წრეებიდან წყაროებმა უთხრეს, რომ ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს უნგრეთზე ზეწოლის მსგავს გეგმას.