ევროკავშირის ქვეყნები, 2023 წელს, რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეკორდული მოცულობის იმპორტირებას გეგმავენ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების სურვილია, 2027 წლისთვის რუსული წიაღისეულ საწვავზე სრულად უარი თქვან. ამის შესახებ გაზეთი Financial Times (FT) საერთაშორისო ორგანიზაცია Global Witness-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში, ბელგია და ესპანეთი, ჩინეთის შემდეგ, რუსული LNG-ის სიდიდით მეორე და მესამე მყიდველები იყვნენ. რუსეთიდან ჩინეთში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება იანვარ-ივლისში 62,7%-ით, 4,46 მლნ ტონამდე არის გაზრდილი. ღირებულების თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი, ამ პერიოდში, 21,9%-ით გაიზარდა და 2,98 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შესაბამისს ინფორმაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთლიანობაში, 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 40%-ით გაიზარდა, წერს გამოცემა.
Global Witness-ის სპიკერმა ჯონათან ნორონჰა-განტმა განაცხადა, რომ "შოკის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ქვეყნებმა, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, უარი ეთქვათ რუსულ გაზზე, იგი თხევადი გაზით (LNG) მიწოდებული ეკვივალენტით ჩაანაცვლეს". საკონსულტაციო კომპანია ICIS-ის ანალიტიკოსის, ალექს ფროლის თქმით, "ევროპაში მყიდველები ამბობენ, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მოცულობის მიღებას გააგრძელებენ". ასეთ ვითარებაში, რუსეთის მხრიდან მიწოდების ნებისმიერი შემცირება, მისი შეფასებით, ევროკავშირს დაუცველს გახდის.