ჩინეთის თავდაცვის მინისტრ ლი შანგფუს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს,– განუცხადა Financial Times-ს ამერიკულ დაზვერვაში ოფიციალურმა პირებმა.
ბოლო ორი კვირაა, ლი შანგფუ საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა. მინისტრი 7-8 სექტემბერს ვიეტნამსა და ჩინეთს შორის თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ ყოველწლიურ შეხვედრას უნდა დასწრებოდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ ვიზიტი გააუქმა "ჯანმრთელობის მიზეზების გამო", – აღნიშნავენ ვიეტნამის ოფიციალური პირები "როიტერთან".
65 წლის ლი შანგფუმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ექვს თვეზე ნაკლები ხნის წინ, 2023 წლის 12 მარტს დაიკავა. 2018 წელს ის აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთისგან სუ-35 საბრძოლო თვითმფრინავების და S-400 კომპლექსების შეძენის გამო. მინისტრად დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ ის მოსკოვს ეწვია, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
თავდაცვის მინისტრის გადადგომა შეიძლება იყოს "ქაოსის კიდევ ერთი ნიშანი პეკინის სამხედრო და საგარეო პოლიტიკური ისტებლიშმენტის ელიტარულ წევრებს შორის", აღნიშნავს FT.
ზაფხულში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განგი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა საჯარო სივრცეში. მაშინ ეს გარემოებაც "ჯანმრთელობის მიზეზებით" აიხსნა, თუმცა მოგვიანებით მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გახდა ცნობილი. ისინიც მინისტრის პოზიციაზე მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა.
ასევე, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გადააყენა ორი უფროსი ოფიცერი, რომლებიც მეთაურობდნენ ჩინეთის ბირთვულ ძალებს - გენერალ ლი იუჩაო, რომელიც ხელმძღვანელობდა სარაკეტო ძალებს და მისი მოადგილე ლიუ გუანბინი. ისინი ასევე არ გამოჩენილან საზოგადოებაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვიდრე ჩინეთის ხელისუფლება გამოაცხადებდა მათი გათავისუფლების შესახებ.
მაღალი რანგის სამხედრო პირები ეჭვმიტანილები იყვნენ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაში, განაცხადეს FT-ის წყაროებმა. ”გამომწვევი ის იყო, რომ ჩინეთის გარეთ ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ დეტალური გაგება სარაკეტო ძალების სტრუქტურის შესახებ”, - განმარტა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
ამის შემდეგ სი ძინპინმა და კომუნისტურმა პარტიამ განაცხადეს, რომ სამხედრო სფეროში კორუფცია მიუღებელია. „თუ თავდაცვის მდივნისა და სარაკეტო ძალების ლიდერების გადაყენება კორუფციის გამო მოხდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების შერჩევა–შემოწმების პროცესი ღრმად გაუმართავია“, - თქვა დენის უაილდერმა, CIA-ს ყოფილმა ექსპერტმა.
მისი თქმით, კორუფცია ჩინეთში ჩვეულებრივი მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ მას სი ძინპინი ათწლეულია, ებრძვის.
”მე არ ვფიქრობ, რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სი ძინპინის სამხედრო კონტროლს, მაგრამ ეს უნდა იყოს შეხსენება იმისა, თუ რამდენად ღრმად კორუმპირებულია სისტემა,” - შეაჯამა ბონი გლაზერმა, გერმანული მარშალის ფონდის ჩინეთის მიმართულების ექსპერტმა.