აშშ-ში განიხილება საკითხი, რომ NATO-ს წევრ ევროპულ ქვეყნებში, უფრო ფართოდ განთავსდეს ბირთვული იარაღი, რათა მოკავშირეებს დაანახვონ, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების მხარდაჭერის შესაძლო შემცირება არ შეასუსტებს უსაფრთხოების გარანტიებს. ამის შესახებ Financial Times წერს. 

გამოცემის წყაროების თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები მზადყოფნას გამოთქვამენ დამატებითი განთავსებისთვის იმ ქვეყნებს გარეთაც, სადაც უკვე განთავსებულია აშშ-ის ბირთვული შესაძლებლობის მქონე ბომბდამშენები.

ეს შესაძლოა გულისხმობდეს მეტი ქვეყნის ჩართვას ე.წ. ორმაგი დანიშნულების (DCA) თვითმფრინავების პროგრამაში, რომლებსაც ბირთვული დარტყმის განხორციელებაც შეუძლიათ.

ორი წყაროს განცხადებით, ამ მზადყოფნის მიზანი არის იმის დემონსტრირება, რომ აშშ აგრძელებს ბირთვული "ქოლგის" უზრუნველყოფას, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევრებს მოუწოდებენ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ ჩვეულებრივი თავდაცვის სფეროში.

საუბრები კონფიდენციალურია და შესაძლოა არც გამოიწვიოს შეთანხმებების ცვლილება, თუმცა ის მიმდინარეობს ევროპაში მზარდი შეშფოთების ფონზე აშშ-ის შესაძლო ნაბიჯებზე ევროპიდან ძალების და სტრატეგიული სისტემების შემცირების შესახებ.

წყაროების თქმით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებმა, განსაკუთრებით პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ზოგიერთმა სახელმწიფომ, ასეთი ნაბიჯის მიმართ მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.