NATO-ს და ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ "ალიანსში უკრაინის გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გახდება". ამის შესახებ მან სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
ფიცოს თქმით, "სანამ იგი პრემიერ-მინისტრია, სლოვაკეთი არ დასთანხმდება NATO-ში უკრაინის მიღებას".
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში თავისი პარტიის წევრებს, როგორც პარტიის თავმჯდომარე, მისცემს მითითებას, რომ არასდროს დაუჭირონ მხარი NATO-ში უკრაინის მიღებას.
ალიანსში ახალი ქვეყნის საბოლოოდ მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის თავმჯდომარე რობერტ ფიცო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გახდა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. მომდევნო არჩევნები 2027 წელს ჩატარდება.
სლოვაკეთის პრემიერი, რომელიც ომის 2027 წლამდე დასრულების შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას აპირებს, მიიჩნევს, რომ "უკრაინაში ომი მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას დასავლეთი უჭერს მხარს რუსეთის დასაჩოქებლად".