ფინეთი 14 დეკემბერს გახსნის სასაზღვრო პუნქტებს რუსეთთან საზღვარზე. შეზღუდვები, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო იყო დაწესებული, მოიხსნება. ამის შესახებ Yle სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის სასაზღვრო სამსახურის მეთაურის მოადგილე ჰეიკი ახტიაინენზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, საზღვარზე ბარიერების დემონტაჟს რამდენიმე საათი დასჭირდება, რის შემდეგაც საზღვარზე მოძრაობა თითქმის დაუყოვნებლივ აღდგება. ამავდროულად, როგორც ახტიაინენმა განმარტა, მესაზღვრეები რამდენიმე ღობეს დატოვებენ იმ შემთხვევისთვის, თუ საკონტროლო პუნქტების დახურვის შესახებ კვლავ მიიღება გადაწყვეტილება.
ფინეთის ხელისუფლება აპირებს, „შეაფასოს სიტუაცია“ რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ. თუ თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის ზრდა კვლავ დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საზღვარზე შეზღუდვები გაგრძელდება.
ნოემბერში რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ყველა სასაზღვრო პუნქტი დაიკეტა თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის ზრდის გამო, რაშიც ფინეთმა რუსეთი დაადანაშაულა.