აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ იძიებს 15 სექტემბერს ფლორიდაში, გოლფის მოედანზე მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტს, სადაც იმ დროს იმყოფებოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი.

FBI-ის ცნობით, საქმე კვალიფიცირებულია როგორც პოლიტიკოსის მკვლელობის აღკვეთილი მცდელობა.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. CNN წერს, რომ ეჭვმიტანილი ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა

CNN იუწყება, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც იცავს ტრამპს, ცეცხლი გაუხსნა საეჭვო პირს მას შემდეგ, რაც ის ავტომატით ხელში დაინახა.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მამაკაცს ტრამპისთვის სროლა სურდა. ადგილობრივი შერიფის უწყების ცნობით, ის გოლფის მოედნის მახლობლად იყო ბუჩქებში დამალული, მაგრამ საიდუმლო სამსახურის აგენტმა დაინახა, რომ ბუჩქებიდან ავტომატის ლულა ჩანდა და გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი გაიქცა და ის დააკავეს მოწმეების წყალობით, რომლებმაც დაინახეს, როგორ ჩაჯდა ის მანქანაში. კანდიდატის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბუჩქებში ავტომატური იარაღი იპოვეს.