ევროკავშირმა, მთიან ყარაბაღში მომხდარი მორიგი ესკალაციის გამო, შეშფოთება გამოთქვა. ახალმა დაპირისპირებამ მინიმუმ ხუთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. "ამ მომაკვდინებელი ინციდენტის გარემოებები სრულად უნდა იქნეს გამოძიებული", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა პიტერ სტანომ.
ევროკავშირმა "ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, თავშეკავება გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ქმედება, რომელმაც შეიძლება, კიდევ უფრო შეარყიოს რეგიონის სტაბილურობა და საფრთხე შეუქმნას სამშვიდობო პროცესს".
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ 5 მარტს მთიანი ყარაბაღის სამართალდამცველებსა და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის, სროლის დროს, დაიღუპა ხუთი ადამიანი - სამი თანამშრომელი ყარაბაღიდან და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. ორივე მხრიდან კიდევ თითო-თითო ადამიანი დაშავდა. "რუსი სამშვიდობოების ძალისხმევით შეტაკება შეწყდა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიულეტენში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობის შესახებ.
აზერბაიჯანმა სომხეთი პროვოკაციაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხური მხარე ხანკენდი-ხალფალი-ტურსუს გზატკეცილზე სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. სროლა მაშინ დაიწყო, როცა საეჭვო ავტომობილის გაჩერება და დათვალიერება სცადეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ულტიმატუმით მოითხოვა სომხური შენაერთების გაყვანა ყარაბაღიდან. "მსგავსი სამხედრო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, აზერბაიჯანული მხარე მოითხოვს სამმხრივი დეკლარაციის შესრულებას, სომხეთიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის, პერსონალის და ნაღმების უკანონო ტრანსპორტირების შეწყვეტას, ასევე სომხეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავის მხრივ, სომხეთი მომხდარში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. ერევანმა უარყო ინფორმაცია სამხედრო პერსონალისა და იარაღის ტრანსპორტირების შესახებ და განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა პირველებმა გახსნეს ცეცხლი.