სომხური და აზერბაიჯანული მედია მთიან ყარაბაღში დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სომხური მედია წერს, რომ „აზერბაიჯანელი დივერსანტები პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს“. მათივე ცნობით, შედეგად, პოლიციის სამი თანამშრომელი დაიღუპა, არიან დაშავებულბიც. სომხური მედია წერს, რომ თავდასხმა დღეს დილით მოხდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით კი, „ყარაბაღში პროვოკაცია სომხურმა მხარემ მოაწყო“. მათივე ინფორმაციით, „აზერბაიჯანულმა ძალებმა გაანადგურეს დივერსანტები, რომლებიც ლაჩინის გზის გვერდის ავლით ცდილობდნენ ყარაბაღში იარაღის და საბრძოლო მასალის შეტანას“. აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ როდესაც აზერბაიჯანის ძალები შეეცადნენ შესამოწმებლად ავტომობილის გაჩერებას, მათ მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.