აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 10 იანვარს ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, თუ რა ხდება ლაჩინის კორიდორში - ერთადერთ გზაზე, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. საუბრის ჩანაწერი ალიევის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
2022 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანელი აქტივისტების აქცია დაიწყო, რომლებიც აცხადებენ, რომ მთიან ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვება გრძელდება, რომლებიც შემდეგ სომხეთში გააქვთ.
"მინდა ვთქვა: "დიდება ამ ახალგაზრდებს" - ისინი ჩვენი სიამაყე არიან. როგორც ამბობენ, მათგან ერთი ნაბიჯის მოშორებით, სეპარატისტები დაკავებულნი არიან სრულიად ცრუ ინფორმაციის მსოფლიოსთვის გადაცემით. ჯერ ერთი, ყველამ იცის, რომ არანაირ ბლოკადაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. იქიდან - ჯერ ერთი თვეც არ გასულა - 400-მდე სატვირთო მანქანა სამშვიდობოებმა გაიარეს", - უპასუხა ალიევმა.
მან აღნიშნა, რომ "მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის საკვები და სხვა აუცილებელი საშუალებები შემოაქვთ."
"ჩვენ ამას არ ვაპროტესტებთ. ჩვენი მიზანი არ არის ბლოკადა. რამდენჯერაც არ უნდა მიმართოს წითელმა ჯვარმა, იმდენჯერ იღებს ნებართვას. ამიტომ, ეს არის მორიგი ანტიაზერბაიჯანული შოუ, ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებ. სომხებს და მათ მფარველებს სჯერათ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამის გამოყენებით რაღაცას მიაღწევენ, ვერაფერს მიაღწევენ", - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის დროშის ქვეშ ცხოვრების მსურველებისთვის "შეიქმნება პირობები".
"როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები უზრუნველყოფილი იქნებიან როგორც თავიანთი უფლებებით, ასევე უსაფრთხოებით. სეპარატისტული მოძრაობა თავის დროზე რომ არ დაწყებულიყო ჩვენს წინააღმდეგ, დღეს მათ შეეძლებოდათ ეცხოვრათ ისე, როგორც აზერბაიჯანის ყველა სხვა ადგილას. დღეს მათ თვალწინ მათი ცხოვრების სურათია. ამიტომ, თუ ვინმეს არ სურს გახდეს ჩვენი მოქალაქე, მაშინ გზა დაკეტილი კი არა, ხსნილია. შეუძლიათ წავიდნენ, ვერავინ შეუშლის ხელს, ან სამშვიდობოების სატვირთო მანქანების კარვის ქვეშ შევიდნენ და ასე წავიდნენ, ან იქნებ ავტობუსით. გზა ხსნილია." - განაცხადა მან.