კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა“.
მანვე განმარტა, რამდენად დამაზიანებელია საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
„მე არაერთხელ მისაუბრია რამდენად დამაზიანებელია ყალბი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებისთვის, „ფეიკ ნიუსები“ არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის გახდა დიდი თავისტკივილი. უამრავი საერთაშორისო კვლევა ჩატარდა ამ თემაზე. სწორედ გუშინ დამისვა ჟურნალისტმა შეკითხვა მსგავსი კვლევის შესახებ და ამ თემაზე ჩემი მოსაზრებაც გავაცანი. გუშინვე ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ „ტვ პირველმა“ მაყურებელს მორიგი „ფეიკ ნიუსი“ შესთავაზა, თითქოს მშენებარე ეკლესია, რომლის მშენებლობაც თითქოს 14 წელი მიმდინარეობდა, დავანგრიეთ. თბილისის მერიამ გააკეთა განცხადება ამ თემაზე, სადაც თანდართული იყო ე.წ. ეკლესიის ფოტომასალა, თუმცა მერიის განცხადების გაშუქება „ტვ პირველმა“ არ ჩათვალა მიზანშეწონილად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, როდესაც დედაქალაქში ტაძრის მშენებლობა იგეგმება, საპატრიარქო ამის შესახებ თბილისის მერიას ყოველთვის აცნობებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია. ახლა წარმოგიდგენთ ამ ფოტომასალას. აი, ამ დაუსრულებელ, მცირე ზომის ნაგებობას, რომელიც კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, ვითომდა წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას, ჩაუტარდა დემონტაჟი, რადგან როგორც ტერიტორია, ისე მშენებლობა იყო სრულიად უკანონო. ამ ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით, სამართალდამრღვევი პირი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა გაითვალისწინებული და ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა შესაბამისად იმოქმედა.
როგორ შეიძლება, ეკლესიის მშენებლობას შევეწინააღმდეგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში ტაძრის მშენებლობის დაწყება მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო. საპატრიარქო ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებს. თუ იმ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, განხორციელებას, თუმცა ამ ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მომავალშიც მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„ვფიქრობთ, საზოგადოებას დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. მედია, რომელიც პატივს სცემს საკუთარ მაყურებელს, არ უნდა ცდილობდეს მათ დეზინფორმირებას და არ უნდა ავრცელებდეს „ფეიკ ნიუსებს“. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, კვლავაც განაგრძობს მუდმივ მონიტორინგს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კახა კალაძემ.








