ესტონეთში თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოზე დივერსიის მცდელობა აღკვეთეს. ქვეყნის საგარეო უწყება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.
ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის დავალებით, ეჭვმიტანილებმა საწარმოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს. შემთხვევა 14 ნოემბერს, დილის 03:06 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ოპერატიულად დააკავეს.
„შაბათს, 14 ნოემბერს, დილის 03:06 საათზე, დრონების მწარმოებელი თავდაცვის საწარმოს, Threod Systems-ის შენობაზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა. მიზანი აფეთქებისა და ხანძრის გამოწვევა იყო. ეჭვმიტანილები სწრაფად დავაკავეთ. მოვუწოდებთ ყველას, არც კი განიხილონ რუსეთიდან მსგავსი შეთავაზებები“, – ნათქვამია ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოზე წარუმატებელი დივერსია რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაკვეთით განხორციელდა.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ იყენებს რუსეთი დივერსიასა და იძულების მეთოდებს საზოგადოების დესტაბილიზაციისთვის, შიშის დასათესად და უკრაინის მხარდაჭერიდან ყურადღების გადასატანად. ბრძოლის ველზე ახალი წარუმატებლობების ფონზე, კრემლი სულ უფრო ხშირად მიმართავს დივერსიულ მეთოდებს. უკრაინის მედეგობა და სტრატეგიული უპირატესობა პუტინს აშკარად აღიზიანებს“, – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას სანქციების, იზოლაციისა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გზით, ვიდრე მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს და საკუთარ ქმედებებზე სრულ პასუხისმგებლობას არ აიღებს.
ამასთან, ინციდენტთან დაკავშირებით ესტონეთმა რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.
„რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ესტონეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენი დაშინების, დესტაბილიზაციის ან უსაფრთხოების შერყევის მცდელობები უპასუხოდ არ დარჩება. სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვა რუსეთს ესტონეთში მტრული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობებს შეუზღუდავს და სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მიმართულებით ჩვენს ძალისხმევას გააძლიერებს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცაჰკნას თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ფინელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებსაც აცნობა.








