ქართული კინო საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას განაგრძობს - ამჯერად ორი ქართველი რეჟისორის ფილმმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა.
დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ანიმაციური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის თოჯინური ანიმაციური ფილმი "როცა ზღვა იყო მშვიდი". სოხუმის თემაზე შექმნილმა ფილმმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჯილდო დაიმსახურა.
ბულგარეთში, საერთაშორისო კინოფესტივალ "სინელიბრის" მთავარი ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ლიტერატურული ადაპტაციისთვის რეჟისორ რევაზ ნასიძის ფილმს "ტრაგედია უგმიროთ" გადაეცა. ფილმი ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მინიატურის ეკრანიზაციაა.
ორივე ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს რეჟისორებს, მამუკა ტყეშელაშვილსა და რევაზ ნასიძეს, აგრეთვე ფილმების შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს!", - აღნიშნულია კინემატოგრაფიის ცენტრის განცხადებაში.




