საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამოცემა Le Parisien-თან მას შემდეგ ისაუბრა, რაც 15 მარტს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრას იმ ქვეყნების პირველი პირები ესწრებოდნენ, რომლებიც მზად არიან წვლილი შეიტანონ უკრაინის მომავალი მშვიდობის უზრუნველყოფაში.
მაკრონის თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებამ "მოხსნა ზეწოლა უკრაინაზე და ის რუსეთზე გადაიტანა".
"როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინული არმიისთვის შესვენება იქნება, ის ნათლად ამბობს, რომ კონფლიქტთან დაბრუნება და კიდევ უფრო შორს წასვლა სურს". - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
სამშვიდობო ძალების უკრაინაში გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით მაკრონმა აღნიშნა, რომ მიზანი მრავალრიცხოვანი არმიის გაგზავნა არ არის. "ყველაზე დიდი ევროპული არმია დღეს უკრაინას ჰყავს". - თქვა მან.
მისი თქმით, განიხილება "სტრატეგიულ წერტილებში თითო ქვეყნიდან რამდენიმე ათასი ჯარისკაცის საწვრთნელი პროგრამებისთვის განლაგება."
გამოცემა Le Parisien წერს, რომ ჯარისკაცების განლაგება კიევში, ოდესასა და ლვოვში განიხილება. "მიზანი მხარდაჭერის ხანგრძლივი დროით ჩვენებაა". - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს, რომ მოკავშირეთა ძალები მის ტერიტორიაზე იყვნენ, "ეს რუსეთის გადასაწყვეტი არ არის".