აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა დააანონსა, რომელსაც უხელმძღვანელებენ ტრამპის აქტიური მხარდამჭერები, კომპანიების – Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი და კონსერვატორი ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა იანვარში გამოაცხადა, რომ უარს ამბობს ტრამპის სასარგებლოდ.

როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს ორი შესანიშნავი ამერიკელი გზას გაკვალავს სამთავრობო ბიუროკრატიის ლიკვიდაციის, ზედმეტი რეგულაციების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ.

ტრამპის თქმით, ახალი დეპარტამენტი თეთრ სახლთან ითანამშრომლებს.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.