აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობებზე მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის კანდიდატურებს განიხილავს. მომავალი სახელმწიფო მდივანი კონგრესმა მომავალ წელს უნდა დაამტკიცოს.

რუბიო მხარს უჭერდა 2024 წლის უკრაინის დახმარების პაკეტს და საუბრობდა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ამასთან, საჯაროდ აკრიტიკებდა თანაპარტიელებსაც კი, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ უკრაინის დახმარების აუცილებლობაში.

მარკო რუბიო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო დამნაშავეა.

ცოტა ხნის წინ მან გარკვეულწილად შეცვალა რიტორიკა ომის დასრულების გზებთან დაკავშირებით, მაგრამ რჩება რესპუბლიკურ ბანაკში, რომელიც უფრო ხელსაყრელია უკრაინისთვის.

ამასთან, მარკო რუბიო ისრაელის უდიდესი მხარდამჭერია და მიაჩნია, რომ "ჰამასი" სრულად უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვიდობა შეუძლებელია. ასევე, რუბიოს აზრით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს მეტად ხისტი და აშშ-ის ეროვნული ინტერესების გამომხატველი.

ასევე, მარკო რუბიო ჩინეთთან დაპირისპირებაში უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების მომხრეა და მხარს უჭერს პოლიტიკას, ჩინური გავლენების შესამცირებლად.

მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციითაა ცნობილი.

კონგრესმენი მაიკ უოლცი, რომელიც ასევე არჩეულია ფლორიდადან, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე განიხილება.

უოლცი, ისევე როგორც რუბიო, ცნობილია თავისი მკვეთრი ქორისებური საგარეო პოლიტიკური შეხედულებებით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება არჩეული პრეზიდენტის საჯარო პოზიციისგან.

უოლცს აქვს პენტაგონის მრჩევლის გამოცდილება და ასევე მუშაობდა თავდაცვის სექტორში, როგორც კონტრაქტორის მენეჯერი.

წარმომადგენელთა პალატაში ის ყურადღებას ამახვილებდა ჩინეთთან დაპირისპირებაზე და ჩინურ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაზე. ის რესპუბლიკურ პარტიაში ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსად მიიჩნევა.

ის მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაგრძელებას, მაგრამ აქცენტს აკეთებს ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფინანსების ხარჯვის კონტროლზე.