აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და შეიარაღების გადაცემის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საკუთარი მარაგების შევსება სჭირდება და რაკეტები თავადაც ესაჭიროება.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიაწვდის თუ არა ვაშინგტონი კიევს Patriot-ის სარაკეტო სისტემებისთვის საჭირო დამატებით რაკეტებს, პრეზიდენტმა განაცხადა:

"ჩვენ თავადაც გვჭირდება რაკეტები. ბაიდენმა მას 300 მილიარდი დოლარის საბრძოლო მასალა გადასცა. როდესაც მე მივდიოდი, ყველაფერი სავსე იყო, მან კი მისი ძალიან დიდი ნაწილი დაარიგა. ახლა ჩვენ ამ მარაგებს აღვადგენთ."

დამატებით, როდესაც ჟურნალისტმა კიევზე მიტანილი ბოლოდროინდელი სარაკეტო იერიშების შესახებ ჰკითხა, აშშ-ის პრეზიდენტმა კონფლიქტისგან დისტანცირებაზე გააკეთა აქცენტი:

"მისმინეთ, ჩვენ ამაში არ ვართ ჩართული. ჩვენ ოკეანე გვაშორებს."