ჩვენი ურთიერთობა ირანთან ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა, მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეთანხმება იყო ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელიც წარადგინეს და ხელი მოაწერეს ბარაკ ჰუსეინ ობამამ და ობამას ადმინისტრაციის რიგითმა არაპროფესიონალებმა, რაც, მისი თქმით, იყო პირდაპირი გზა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავებისკენ.

ტრამპის მტკიცებით, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია მისი ადმინისტრაციის მიერ ირანთან ამჟამად განხილული გარიგების შემთხვევაში.

„მოლაპარაკებები მოწესრიგებულად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს და მე ჩემს წარმომადგენლებს ვაცნობე, რომ არ იჩქარონ შეთანხმების მიღწევა, რადგან ეს დრო ჩვენს მხარესაა. ბლოკადა სრული ძალით დარჩება მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, დამოწმებული და ხელმოწერილი. ორივე მხარემ არ უნდა იჩქაროს და ყველაფერი სწორად გააკეთოს. შეცდომები არ შეიძლება! ჩვენი ურთიერთობა ირანთან გაცილებით პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება. თუმცა, მათ უნდა გაიგონ, რომ მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შემუშავება ან შეძენა. მინდა მადლობა გადავუხადო ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანას მათი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება და გაძლიერდება მათი მიერ ისტორიული აბრაამის შეთანხმებების ქვეყნებთან შეერთებით და, ვინ იცის, იქნებ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამაც მოისურვოს შეერთება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.