აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს, ირანს გამდიდრებული ურანი ჰქონდეს.

მისივე თქმით, აშშ-ის ირანის ურანი არ სჭირდება და სავარაუდოდ, მიღების შემდეგ, მას გაანადგურებს.

„ჩვენ მას მივიღებთ. ურანი არ გვჭირდება, არ გვინდა. ალბათ გავანადგურებთ მას მიღების შემდეგ, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ მათ ეს ჰქონდეთ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

მისივე თქმით,  ვაშინგტონი წინააღმდეგია, თეირანმა ჰორმუზის სრუტეზე გადასახადი დააწესოს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღია უნდა იყოს.

„ჩვენ გვინდა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყოს. ჩვენ გვინდა, რომ ის უფასო იყოს. ჩვენ არ გვინდა გადასახადი. ეს არის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტია და მასზე გადასახადი არ უნდა იყოს. არ არსებობს გემი, რომელსაც დღეს ჩვენი თანხმობის გარეშე გავლა შეუძლია. საზღვაო ფლოტმა საოცარი სამუშაო გასწია. არც ერთი გემი არ მიემგზავრება ირანში, როგორც იცით. არც ერთი გემი არ მიემგზავრება ირანში ან არ გადის ირანიდან ჩვენი თანხმობის გარეშე“,- განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც ირანის შეიარაღებისთვის ვარგისი ურანი, ქვეყნიდან არ უნდა გაიტანონ.