გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დაამტკიცა 120 მმ-იანი სატანკო ჭურვების ისრაელისთვის მიწოდება,– იუწყება გერმანული გამოცემა Spiegel.
ისრაელმა გერმანიას ჯერ კიდევ ნოემბერში გაუგზავნა მოთხოვნა სამხედრო კონცერნ Rheinmetall-ის მიერ წარმოებული 10 ათასი სატანკო ჭურვის მიწოდების შესახებ. ამ საკითხს გერმანიის მთავრობა კონფიდენციალურად განიხილავდა.
ახლა გერმანული მხარე მოთხოვნის განხორციელების გზებზე მუშაობს. იმის გამო, რომ ინდუსტრიას არ შეუძლია, სწრაფად აწარმოოს ამდენი ჭურვი, განიხილება ვარიანტი, რომ ბუნდესვერმა ჭურვები საკუთარი საცავებიდან გაგზავნოს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულად ფრთხილობს, რომ ამგვარმა დახმარებამ ზიანი არ მიაყენოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და არ შეამციროს გერმანიის თავდაცვისუნარიანობა.
თუ მოთხოვნა დამტკიცდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანია ისრაელს "ჰამასთან" ომისას ლეტალურ იარაღს მიაწვდის.