გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 16 იანვარს სატელეფონო საუბრისას უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს.

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინა გერმანიისგან მიიღებს 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას ყველაზე დიდი, 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას.