რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, რომელიც დასავლეთმა რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დააწესა, როგორც ჩანს, მასშტაბურად ირღვევა, იტყობინება Der Spiegel, რომელიც კიევის ეკონომიკის სკოლის დაკვეთით, საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეყრდნობა.
გამოძიების მასალების მიხედვით, რუსეთის პრიმორსკის ტერიტორიის კოზმინოს პორტში, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ექსპორტზე გაგზავნილი ნავთობის 95 პროცენტი ბარელზე 60 დოლარზე მეტად გაიყიდა. საშუალო გასაყიდი ფასი ბარელზე 73 დოლარი იყო.
ნავთობი კოზმინოდან ძირითადად აზიის ქვეყნებს მიეწოდება. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ რუსეთის პორტებში, რომლებიც დასავლეთთან უფრო ახლოს მდებარეობს, ფასების ზღვარი ზოგადად დაცული იყო.
რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი G7-ის ქვეყნების, ევროკავშირისა და ავსტრალიის ინიციატივით შეიქმნა. სანქციების განხორციელების ბერკეტად გადაწყდა საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება, რომელშიც დომინირებენ სანქციების ინიციატორი ქვეყნების კომპანიები. მათ ეკრძალებათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება და ტანკერების დაზღვევა, რომლებიც ახორციელებენ რუსული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას დადგენილზე მაღალი ფასებით.
კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, გემების 51 პროცენტს, რომლებიც კოზმინოში შედიან, ჰყავს ოპერატორი ან დაზღვევა G7-ის ქვეყნებიდან. გამოძიების ავტორებმა რუსული ნავთობის ფასის ზღვრის მნიშვნელოვანი შემცირება მოითხოვეს.