გერმანიის მთავრობა ვარაუდობს, რომ ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა მოსკოვზე მარში შეაჩერა, რადგან მოსალოდნელი მხარდაჭერა ვერ მიიღო. ეს ინფორმაცია გერმანული გამოცემა Spiegel-ისთვის გახდა ცნობილი.
გამოცემის ცნობით, შაბათს საღამოს გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტრომ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ზეპირ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის პოლიტიკურმა დირექტორმა ტერვენ ბელმანმა და თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ზიმტე მელერმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ვაგნერის ლიდერმა პრიგოჟინმა ვერ მიიღო ის მხარდაჭერა, რასაც იმედოვნებდა გადატრიალების მცდელობის დროს რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ფრთისგან, ამიტომ შეჩერდა მისი მარში მოსკოვზე.
მთავრობის წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას ვერ ისაუბრეს კრემლსა და პრიგოჟინს შორის შეთანხმების შინაარსის, ასევე პუტინის, თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვის ადგილმდებარეობის შესახებ.
გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტები კვირის დასაწყისში საგანგებო სხდომაზე უნდა შეიკრიბონ და ამ თემაზე იმსჯელონ.