ჩეჩნეთის სასამართლომ, თაღლითობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ზარემა მუსაევას 5.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
2022 წლის იანვარში კადიროველებმა ყოფილი მოსამართლის, საიდი იანგულბაევის 52 წლის ცოლი და ჩეჩენი აქტივისტების აბუბაკარ, იბრაგიმ და ბაისანგურ იანგულბაევების დედა ნიჟნი ნოვგოროდის ბინიდან გაიტაცეს და გროზნოში წაიყვანეს.
ოფიციალური ვერსიით, ჩეჩნეთში ჩაყვანის შემდეგ მუსაევა თავს დაესხა პოლიციელ მაგომედ აბდულხამიდოვს და სახე დაუკაწრა. ამის შესახებ ნათქვამია "მსხვერპლის" და "მოწმეების" ჩვენებაში. თაღლითობის საქმე კი ეფუძნება ამ მუხლით უკვე ნასამართლევი ადგილობრივი მცხოვრების ჩვენებას.
მუსაევას ვაჟმა აბუბაკარ იანგულბაევმა თქვა, რომ მსჯავრდადებული დათანხმდა "პოლიციასთან შეთანხმებას" - მას შემდეგ, რაც დედამისი გროზნოში წაიყვანეს. მის წინააღმდეგ ჩვენების ავტორმა ქალმა განაცხადა, რომ ყოფილი მოსამართლის მეუღლემ მას სხვადასხვა სქემები შესთავაზა სესხების დახმარებით ხალხის მოსატყუებლად.
მუსაევას ადვოკატებმა და ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა წამების საწინააღმდეგო ჯგუფიდან არაერთხელ განაცხადეს, რომ პროცესში მრავალი დარღვევაა. კერძოდ, ადვოკატებმა მიუთითეს საეჭვო ექსპერტიზებზე, იდენტიფიკაციის პროცესში დარღვევებზე და საქმეში მტკიცებულებების ნაკლებობაზე. დაცვის მხარემ ჩაატარა ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ მუსაევას პოლიციელის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიუყენებია.
2022 წლის იანვრიდან ზარემა მუსაევა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატებს ხშირად უარს ეუბნებიან კლიენტთან შეხვედრაზე და როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სასამართლომ ეს უგულებელყო.
აბუბაკარ იანგულბაევის თქმით, მას დიაბეტი აქვს და მისი კრუნჩხვები გახშირდა, ზოგიერთ შეხვედრებზე ის უგონო მდგომარეობაში იყო.