კანადა და სკანდინავიური ქვეყნები მუშაობენ თავდაცვის კოალიციის შესაქმნელად, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთსა და ჩინეთს არქტიკაში, - განუცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ Bloomberg-ს.

„კანადა დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რომ ჩვენ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით ვიყავით დაცული. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინაშე დგას პირისპირ და კლიმატის ცვლილების გამო, სულ უფრო მეტი ქვეყანა იჩენს ინტერესს არქტიკის მიმართ, მათ შორის ჩინეთი“, - თქვა ჯოლიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ოტავამ უნდა გაითვალისწინოს ეს "ახალი რეალობა".

კანადამ პირობა დადო, რომ გააძლიერებს სამხედრო ყოფნას არქტიკაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და ჩინეთის მზარდი ინტერესის ფონზე უკიდურესი ჩრდილოეთის მიმართ.

სექტემბრის ბოლოს ჯოლიმ შეხვედრა გამართა თავის კოლეგებთან დანიიდან, ფინეთიდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან კანადის ქალაქ იკალუიტში, წერს Bloomberg. მინისტრები შეთანხმდნენ, გამოიკვლიონ გზები „არქტიკის უსაფრთხოების დიალოგის“ ან ახალი ფორუმის შესაქმნელად თავდაცვის საკითხების განსახილველად.

იმავდროულად, ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და რუსეთი, არის არქტიკული ქვეყნების მთავრობათაშორისი ორგანიზაცია Arctic Council-ის წევრი. 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არქტიკული საბჭოს ყველა ქვეყანამ უარი თქვა მონაწილეობაზე მოსკოვის თავმჯდომარეობით შეხვედრებში.