ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ "უახლოეს მომავალში" ირანმა შესაძლოა რუსეთს თავისი ბალისტიკური რაკეტები პირველად გადასცეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ბალისტიკური რაკეტების გადაცემა "შეიძლება იყოს შემაშფოთებელი მოვლენა."
წყაროებმა უარი თქვეს ბალისტიკური რაკეტების ტიპის დასახელებისგან, თუმცა, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მიწოდება შეიძლება "დღეების განმავლობაში" დაიწყოს.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთის სახელმწიფოები, მათ შორის G7-ის ქვეყნები, უკვე განიხილავენ სანქციებს ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში.
მოკავშირეების მიერ განხილულ წინასწარ ზომებს შორის არის ახალი შეზღუდვები ირანულ ავიაკომპანია Iran Air-ზე. გარდა ამისა, G7 ემზადება საჯაროდ დაგმოს თეირანის ქმედებები და დიპლომატიური არხებით დაუკავშირდეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.
Reuters-მა, რომელიც პირველად წერდა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის სამზადისზე, აღნიშნა, რომ საუბარი შეიძლება Fath-360-ზე. სისტემაზე, რომელიც უშვებს ბალისტიკურ რაკეტებს მაქსიმალური დიაპაზონით 120 კილომეტრი და რომლის ქობინიც 150 კილოგრამს იწონის.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ირანი და რუსეთი აქტიურად ავითარებენ სამხედრო თანამშრომლობას მას შემდეგ. ირანული მხარე საჯარო განცხადებებში უარყოფს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას.