თურქეთმა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანა, იტყობინება Bloomberg.
გამოცემას წყაროები ეუბნებიან, ანკარა "გლობალური გავლენის გაძლიერებასა და დასავლეთის გარეთ ახალი კავშირების დამყარებას ცდილობს".
წყაროების ცნობით, ალიანსში შესვლის შესახებ განაცხადი თურქეთმა რამდენიმე თვის წინ შეიტანა "იმედგაცრუების ფონზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმეწლიანმა მოლოდინმა გააჩინა".
მიზეზად წყაროები ასევე ასახელებენ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ხედვას, რომლის მიხედვითაც "გრავიტაციის გეოპოლიტიკურმა ცენტრმა" განვითარებული ეკონომიკებიდან გადაინაცვლა.
Bloomberg წერს, BRICS-ში გაწევრიანების სურვილი, ნაწილობრივ, თურქეთსა და NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებს განხეთქილებაც შეიძლება გამხდარიყო რუსეთთან "მჭიდრო კავშირების" შენარჩუნების გამო.
თავად ერდოღანმა კი საჯაროდ შემდეგი განცხადება გააკეთა: "თურქეთს შეუძლია გახდეს ძლიერი, პრესტიჟული და გავლენიანი ქვეყანა, თუ ის აღმოსავლეთთან და დასავლეთთან ერთდროულად გააუმჯობესებს ურთიერთობებს. ნებისმიერი მეთოდი, ამის გარდა, თურქეთს მოუტანს არა სარგებელს, არამედ ზიანს".
BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეუერთდა.
2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც.
BRICS-ში გაწევრიანებას მალაიზია და ტაილანდიც ელოდებიან. 20 აგვისტოს კი BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი აზერბაიჯანმაც შეიტანა. მანამდე ბაქოს ვლადიმირ პუტინი სტუმრობდა.
ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე წევრი ქვეყნები სავარაუდოდ, 22-24 ოქტომბერს რუსეთში, ყაზანში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ.