ისრაელის იერიში იემენზე ჩვენი მტრებისთვის მკაფიოს ხდის, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იემენზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისთვის - ნუ შეცდებით ჩვენთან დაკავშირებით. ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს, ძალიან ძვირს გადაიხდის თავის აგრესიისთვის“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
ნეთანიაჰუ ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს მოქმედებები ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ: „ვისაც სურს იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა დაუპირისპირდეს ირანის ბოროტების ღერძს და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ - იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის განცხადებით, დარტყმა იემენში მდებარე ალ-ჰუდაიდას პორტზე, რომელსაც „ჰუსიტები“ იარაღის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ, იყო პირდაპირი პასუხი თელ-ავივზე „ჰუსიტების“ მიერ დრონით მიტანილ იერიშზე.
„პორტი, რომელიც დაიბომბა, არ არის უდანაშაულო პორტი. მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, ირანის მიერ „ჰუსიტებისთვის“ ლეტალური იარაღის მისაწოდებლად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, შაბათს, 20 ივლისს, ისრაელმა იემენში შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰუდაიდაზე დარტყმები განახორციელა.