ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაითხოვა ომის კაბინეტი ისრაელის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბენი განცის გადადგომიდან ერთი კვირის შემდეგ. The Jerusalem Post-ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 16 ივნისს სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
„კაბინეტი შეიქმნა განცთან შეთანხმებით, მისი მოთხოვნით. განცის წასვლის შემდეგ, კაბინეტის საჭიროება აღარ იყო“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
მან ასევე უარყო ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან ახალი კაბინეტის შექმნის იდეა.
მანამდე ასეთი წინადადება ულტრამემარჯვენე პარტიების წარმომადგენლებმა ბეზალელ სმოტრიჩმა და იტამარ ბენ-გვირიმ გააჟღერეს.
ომის კაბინეტი შეიქმნა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ "ჰამასის" წინააღმდეგ ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ახლა ამ გადაწყვეტილებებს სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტი მიიღებს.
ბენი განცი და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, ასევე ომის კაბინეტის წევრი, ამტკიცებდნენ, რომ ომის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორში ისრაელის არმია არ უნდა იყოს და ტერიტორიის კონტროლი გადაეცეს ახალ ადგილობრივ ადმინისტრაციას ან საერთაშორისო ორგანოებს.