აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდება ივნისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის საკითხზე პროდუქტიულ განხილვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის მონაწილეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რეგიონული ენერგეტიკული ინტეგრაცია 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული ისტორიული სამშვიდობო სამიტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.
ტრამპის თქმით, როდესაც მხარეები თეთრ სახლში შეხვდნენ, მათ წინ გადადგეს ნაბიჯი და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიეს. ამასთან, მისივე თქმით, 8 აგვისტოს გამართულ სამიტზე რეგიონული ენერგეტიკული ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია ივნისში ამ საკითხზე პროდუქტიულ დისკუსიებს ელოდება.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის მოსახლეობას ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის მასპინძლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ადასტურებს აზერბაიჯანის წამყვან როლს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ამასთან, ტრამპის თქმით, აშშ მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორს. მისივე თქმით, გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას, კეთილდღეობის გაფართოებას და რეგიონისა და მსოფლიოსთვის უფრო თავდაჯერებული მომავლის შექმნას.










