ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული და რუსული სააგენტოები ავრცელებენ

რუსეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ ბაქოში მდებარე რუსული კულტურის ცენტრთან არსებული ვითარება ჯანსაღად მოგვარდება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მან აღინიშნა, რომ რუსეთი მზადაა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები „რუსული სახლის“ ბაქოში დასარეგისტრირებლად.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიჰან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსულ მხარეს ეცნობა რუსეთის საინფორმაციო და კულტურული ცენტრის („რუსული სახლის“) წარმომადგენლობის აზერბაიჯანში, როგორც იურიდიული პირის, რეგისტრაციის არარსებობის შესახებ და ასევე, ორგანიზაციის მიერ აზერბაიჯანის კანონმდებლობის სერიოზულ დარღვევაზე, 2025 წლის 3 თებერვალს რუსეთის მხარეს გაეგზავნა ნოტა „რუსული სახლის“ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

„როსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა ტელეკომპანია Russia-24-ის ეთერში დაადასტურა აზერბაიჯანიდან ნოტის მიღება ბაქოში რუსული კულტურული ცენტრის („რუსული სახლის“) რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ.

„იქ ნათქვამია, რომ ჩვენი წარმომადგენლობითი ოფისი, რუსეთის საინფორმაციო და კულტურული ცენტრი, ასევე ცნობილი როგორც „რუსული სახლი“, უნდა იყოს დარეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ადგილობრივი კანონმდებლობით“, - თქვა პრიმაკოვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ბაქოში მდებარე „რუსული სახლი“ თვე-ნახევარში უნდა გავიდეს ნაქირავები ფართიდან, რადგან მფლობელს მისი სასწრაფოდ გაყიდვის განზრახვა აქვს.

მისი თქმით, კიდევ ერთი შენობის მეპატრონესთან მოლაპარაკება არ დასრულებულა, თუმცა ამ მომენტში ორივე მხარეს პაუზა აქვს აღებული.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, აზერბაიჯანი აგრძელებს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვის თანმიმდევრულ კურსს და აჩვენებს, რომ არ აპირებს მოითმინოს გარე ჩარევა მის საშინაო საქმეებში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდის იგი.

ამას მოწმობს ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ადრეც იყო მიღებული ამერიკულ სააგენტო „იუსაიდთან“ დაკავშირებით, ჯერ კიდევ პრეზიდენტ დ.ტრამპის ინაუგურაციამდე და მის შემდგომ გადაწყვეტილებამდე ამ სტრუქტურის ლიკვიდაციის შესახებ.

„ჩვენი ქვეყანა თავად გახდა დონორი და არ საჭიროებს გარე დახმარებას, მით უმეტეს, როცა ასეთი დახმარება ხდება  გაუმჭვირვალე სქემების საფუძველზე და ორგანიზაციების სტრუქტურა ღიად დაზვერვის ხასიათს ატარებს“, - აღნიშნავენ წყაროები.