ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ოფიციალური ნებართვა მისცა, დამოუკიდებლად აწარმოოს Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტები. ტელეკომპანია BFM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებისკენ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯია.
ექსპერტების შეფასებით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს უკრაინის დამოკიდებულებას უცხოურ სამხედრო მოწოდებებზე და ქვეყანას საშუალებას მისცემს, ოპერატიულად შეავსოს საჰაერო თავდაცვის რეზერვები. Patriot-ის სისტემები კრიტიკულ როლს თამაშობს უკრაინის ქალაქებისა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
აღნიშნული ლიცენზიის მინიჭება ხაზს უსვამს აშშ-ისა და უკრაინის სამხედრო თანამშრომლობის ახალ, გრძელვადიან ეტაპზე გადასვლას, რაც მოკავშირეებს შორის სამხედრო ტექნოლოგიების პირდაპირ გაზიარებასა და ერთობლივ წარმოებას გულისხმობს.
მაისის ბოლოს დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში, ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზს უსვამდა, რომ მოკავშირეების მიერ PURL პროგრამით დაფინანსებული წარმოება ამ ეტაპზე თავდაცვითი რაკეტების მიღების ერთადერთი ხელმისაწვდომი გზა იყო.
ორ ლიდერს შორის გამართული შეხვედრის დაწყებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინულ მხარესთან ტონი საგრძნობლად შეარბილა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოზიტიური უწოდა.
„ეს საკმაოდ მაგარია. ამიერიდან ვეღარ შემოგვჩივლებთ, რომ საკმარისს არ მოგაწვდით“, — განაცხადა ტრამპმა მის გვერდით მჯდომი ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით.











