მონაკოში რეზონანსული მკვლელობა მოხდა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობის საქმეს უკავშირდება.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს ქალი, რომელიც უკრაინელი ბიზნესმენის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში მთავარ ეჭვმიტანილად ფიგურირებდა. მედიის ცნობით, მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

რამდენიმე დღის წინ მონაკოში მოხდა თავდასხმა ცნობილ უკრაინელ ბიზნესმენზე. ბიზნესმენი თავდასხმას გადაურჩა, თუმცა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციამ დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც, სავარაუდოდ, კავშირში იყო თავდასხმის ორგანიზებასთან ან უშუალო შესრულებასთან. ძებნილად გამოცხადებული ქალი სწორედ აღნიშნულ საქმეზე იძებნებოდა.

გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, ეჭვმიტანილის მკვლელობა შესაძლოა, იყოს კვალის წაშლის მცდელობა დამკვეთების მხრიდან, რათა მან გამოძიებასთან თანამშრომლობა და რეალური ორგანიზატორების დასახელება ვერ მოასწროს.

"მონაკოს პოლიცია და პროკურატურა ორმხრივი მიმართულებით მუშაობენ — მიმდინარეობს როგორც ბიზნესმენზე თავდასხმის, ისე მთავარი ეჭვმიტანილის მკვლელობის ფაქტის გამოძიება. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები და ექსპერტები",  - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ადგილობრივი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო საგამოძიებო უწყებებთან და ინტერპოლთან, რადგან საქმე, სავარაუდოდ, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება. დეტალები ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.