აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სერიოზულ ზეწოლას გრძნობს და ომის დასრულება სურს. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების დასრულების სურვილი უკრაინულ მხარესაც აქვს.
"მე ვესაუბრე პუტინს. ის გრძნობს ზეწოლას. მას უნდა ამ ომის დასრულება. უკრაინასაც სურს ამის დასრულება. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს", — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის მტკიცებით, ორივე მხარე დაღლილია კონფლიქტით და ეძებს გამოსავალს.
თეთრი სახლის ლიდერი კვლავ აქტიურად უჭერს მხარს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის იდეას და მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარება სწრაფი დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი.
განცხადების მიხედვით, ეკონომიკური და სამხედრო ფაქტორები კრემლზე გავლენას ახდენს, რაც პუტინს პოზიციების გადახედვისკენ უბიძგებს.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის ეს განცხადება მიანიშნებს მის აქტიურ მცდელობებზე, უახლოეს მომავალში მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციირება მოახდინოს. თუმცა, ოფიციალური კიევისა და მოსკოვის მხრიდან კონკრეტულ პირობებზე შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.




