აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებთან დაკავშირებული მილიონობით დოკუმენტის ახალი და საბოლოო ფაილები გამოაქვეყნა, რასაც საფუძვლად დაედო ნოემბერში მიღებული კანონი, რომელმაც ეპშტეინთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერის გასაჯაროების ვალდებულება შექმნა.
ჯეფრი ეპშტეინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა - ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს - დაკავებიდან მალევე ის საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.
აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარასკევს გამოქვეყნებული დოკუმენტები წარმოადგენს კანონმდებლობის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გეგმურად ფაილების გამოქვეყნების დასასრულს. ბლანშის თქმით, გამოქვეყნებული მასალები მოიცავს 3 მილიონ გვერდზე მეტს, 2 000 ვიდეოსა და 180 000 სურათს.
კანონი საშუალებას იძლევა, მოხდეს გარკვეული სახის ინფორმაციის დაფარვა, მათ შორის, ისეთი დეტალები, რომლებიც მსხვერპლთა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა ან მასალები, რომლებიც მიმდინარე გამოძიებასთან არის კავშირში.








