აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მილიონზე მეტი დამატებითი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან იყოს დაკავშირებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეპშტეინთან პოტენციურად დაკავშირებული მილიონზე მეტი დამატებითი დოკუმენტი FBI-მ და მანჰეტენის პროკურატურამ აღმოაჩინა. უწყებას არ დაუკონკრეტებია, როდის ან როგორ მიაგნეს ამ დოკუმენტებს.
"ჩვენი იურისტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა შეისწავლონ მასალები და მსხვერპლთა დასაცავად კანონით სავალდებულო რედაქტირება შეძლონ. დოკუმენტებს რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნებთ," განაცხადა დეპარტამენტმა.
"მასალების დიდი მოცულობის გამო ამ პროცესს შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდეს,"- ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა - ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს - დაკავებიდან მალევე ის საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.
აქამდე უკვე გასაჯაროვდა სასამართლოს მასალები, რომლებიც ჯეფრი ეპშტეინის საქმეს ეხება.40 დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს მიერ გასაჯაროვდა, ძირითადად შეიცავდა უკვე ცნობილ ინფორმაციას, რაც გასულ წლებში ეპშტეინის სკანდალთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმებიდან, გაზეთების სტატიებიდან, ინტერვიუებიდან და სხვა სამართლებრივი საქმეებიდან ირკვეოდა.




