უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ "ლექცია ლეგიტიმურობაზე ადამიანისგან, რომელიც თავის სკამზე 21 წელია ზის" აბსურდულია. ამის შესახებ სიბიგა X-ზე წერს.

"არაფერია იმაზე აბსურდული, ვიდრე ლეგიტიმურობაზე ლექცია ადამიანისგან, რომელიც თავის სკამზე 21 წელია ზის და ემსახურება ვიღაცას, ვინც 25 წელზე დიდი ხანია მართავს. მას არ აქვს ლეგიტიმაცია, რომ ლეგიტიმაციაზე ილაპარაკოს. ასეთი ბოდვები აჩვენებს, რომ რუსეთი სამშვიდობო ძალისხმევაზე უარს ამბობს". - წერს სიბიგა.

მანამდე, NBC News-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

ლავროვის თქმით, კრემლის გადმოსახედიდან, ზელენსკი "რეჟიმის დე ფაქტო მეთაურია," მაგრამ არა - უკრაინის ლეგიტიმური ლიდერი.