უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის წინააღმდეგ "მუქარის" შემცველი განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი და უკრაინას რუსულ მილსადენზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთზე მუქარისთვის გამოიყენა. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მის დაშინებას. ზელენსკის მოვუწოდებთ, შეწყვიტოს უნგრეთზე მუქარა და დაასრულოს უპასუხისმგებლო თავდასხმები ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე." - წერს სიარტო X-ზე.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, იქონია თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოზე გავლენა რუსეთში მილსადენ Дружба-ზე უკრაინის მიერ მიტანილმა იერიშებმა.

"ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას, ახლა ამ მეგობრობის არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული," უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, უნგრეთი ნავთობის უდიდეს ნაწილს ნავთობსადენ Дружба-ს მეშვეობით იღებს. ბოლო პერიოდში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ მიიტანეს დარტყმები Дружба-ს მილსადენზე, რის გამოც უნგრეთსა და სლოვაკეთს დროებით ნავთობის მიწოდება გარკვეული დროით შეწყვეტილიც ჰქონდათ.

სიარტოს პასუხად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ უნგრეთს ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიკაციისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდა.

"არ გჭირდებათ, რომ უკრაინის პრეზიდენტს უთხრათ, თუ რა გააკეთოს ან თქვას, და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია, არა - უნგრეთის. უნგრეთის ენერგოუსაფრთხოება მისსავე ხელშია. მოახდინეთ დივერსიფიკაცია და გახდით რუსეთისგან დამოუკიდებლები, დანარჩენი ევროპის მსგავსად." - წერს სიბიგა X-ზე.