უკრაინის სახელმწიფო პროექტმა, „მინდა ვიცოცხლო“, გამოაქვეყნა მონაცემები ცენტრალური აზიის რესპუბლიკების იმ მოქალაქეების რაოდენობის შესახებ, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს რუსეთის არმიასთან და მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი კონტრაქტი - 4955 - უზბეკეთის მოქალაქეებმა გააფორმეს. მეორე ადგილზე ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან 3489 კონტრაქტით.

შემდეგ მოდიან ყაზახეთის მოქალაქეები 2 420 კონტრაქტით. კიდევ 1 474 კონტრაქტს ხელი მოაწერეს ყირგიზეთის მოქალაქეებმა, ხოლო 581 კონტრაქტს - თურქმენეთის მოქალაქეებმა.

მონაცემები 2026 წლის მაისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს. აპრილში პროექტმა განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნების 12 666 მოქალაქე ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

უკრაინულმა მხარემ ადრე განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის მოქალაქეები ყველაზე ხშირად გამოიყენება რუსეთის არმიის ქვეით დანაყოფებში, მათ შორის ე.წ. „ცოცხალი მასის შტურმში“.

დაქირავებულთა რეალური რაოდენობა, ალბათ, გაცილებით მეტია, მოყვანილი რიცხვები კი ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობის შესაბამისია, - აღნიშნავენ პროექტის მონაწილეები.

ცენტრალური აზიის ქვეყნები ოფიციალურად ინარჩუნებენ ნეიტრალურ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და ზოგადად თავს არიდებენ მოსკოვის საჯარო კრიტიკას.

ამავდროულად, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს თავიანთ იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხარეს. სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენი, როგორც წესი, არის ოთხი-ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ზოგჯერ კი სასჯელი პირობითია.

ტაჯიკეთში, რომლის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია რუსეთიდან მიგრანტი მუშაკების ფულად გზავნილებზე, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა საჯაროდ იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ომში რუსეთის მხარეს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წყაროების თანახმად, რუსეთის არმიაში 100-ზე მეტი ქვეყნის დაქირავებული ჯარისკაცები იბრძვიან.