დღეს ქართველი "თერგდალეული" მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი წერეთლის გარდაცვალებიდან 118 წელი გავიდა. გიორგი წერეთელი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გიორგი წერეთელი საზოგადოებრივ ასპარეზზე 60-იან წლებში გამოვიდა და გახდა "თერგდალეულთა" ერთ-ერთი ფუძემდებელი. იყო პედაგოგი, პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ესტეტიკოსი, ფილოლოგი და სხვა. 1893 წელს საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ლიტერატურულ გაზეთ "კვალს". მის თხზულებებს მიეკუთვნება: „პირველი ნაბიჯი“, „გულქანი“, „რუხი მგელი“, ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“.
 
გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი დაიბადა 1842 წლის 26 მაისს, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მეთემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის 1861 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ჯერ პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი კრონშტადტის საპყრობილეში. მას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დართეს სწავლის გაგრძელების ნებართვა.