კომპანია თელასი “ჯორჯიან უოთერ&ფაუერის” გუშინდელ გავცელებას პასუხობს. როგორც თელასში აცხადებენ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“სოფელ დიღმის ახალი დასახლების ელექტრომომარაგების შესახებ კომპანია „ჯორჯიან უოთერ & ფაუერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა კომპანია „თელასის“ საქმიანობასთან დაკავშირებით.
კერძოდ, „ჯორჯიან უოთერ & ფაუერის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „თელასის“ ტექნიკური სამსახური ღამის საათებში არ მუშაობს, რის გამოც დროულად ვერ მოხერხდა დაზიანებული კაბელის აღდგენითი სამუშაოების დაწყება.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ კომპანია „თელასის“ სადისპეჩერო, საკაბელო და საინფორმაციო სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ნებისმიერ დროს მზად არიან ყველანაირი პრობლემის მოსაგვარებლად.
რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, აღვნიშნავთ, რომ სოფელ დიღომთან კომპანია „ჯორჯიან უოთერ & ფაუერმა“ მიწის სამუშაოების შესრულების დროს მექანიკურად დააზიანა სს „თელასის“ მაღალი ძაბვის კაბელი. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა სოფელ დიღმის ახალი დასახლების ნაწილს.
19 მაისს 03:25 საათზე კომპანია „თელასის“ სადისპეჩერო სამსახურმა დააფიქსირა ქვესადგურის „დიღომი-1“ ერთ-ერთი ფიდერის გათიშვა. ელექტროენერგიის მიწოდება 442 აბონენტს შეუწყდა.
კომპანია „თელასის“ ტექნიკურმა სამსახურმა ერთ საათში (04:25 საათზე) მოახერხა ელექტრომომარაგების აღდგენა 319 აბონენტისთვის. რაც შეეხება დანარჩენ 123 აბონენტს, მათთვის ელექტეროენერგიის მიწოდების აღსადგენად საჭირო იყო დაზიანებული მაღალი ძაბვის კაბელის შეკეთება.
დაზიანებული კაბელის აღდგენითი სამუშაოების დაწყება „თელასის“ ტექნიკურმა სამსახურმა მხოლოდ 15:00 საათზე შეძლო, რადგანაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ & ფაუერს“ ამ დრომდე არ ქონდა დასრულებული სარემონტო სამუშაოები მაგისტრალურ წყალსადენზე”, – განმარტავენ თელასში.
სოფელ დიღმის ახალი დასახლების ელექტრომომარაგება სრულად 18 საათისთვის აღდგა.




