დღეს გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კომპრომისის მიღწევა და წლის ბოლომდე ეროვნული ბანკის საბჭოს მთლიანად დაკომპლექტება და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნა - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
სავალუტო ფონდი საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამის აღდგენაზე საუბრობს ისეთ ვითარებაში, როდესაც ეროვნული ბანკი პარალიზებულია. ეროვნული ბანკის აღმასრულებელი რგოლი მოშლილია, მას არ ჰყავს პრეზიდენტი, ოთხიდან სამი ვიცე-პრეზიდენტი, ჰყავს მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას და ერთპიროვნულად უწევს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შედიოდა დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტების კომპეტენციაში. ეროვნული ბანკის საბჭოც ფაქტობრივად ქმედუუნაროა მისი დაბალი კვალიფიკაციისა და შეუვსებლობის გამო.
დეკემბრის თვიდან საბჭოში 9 წევრის ნაცვლად დარჩება მხოლოდ 5 წევრი.
დღეს გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კომპრომისის მიღწევა და წლის ბოლომდე ეროვნული ბანკის საბჭოს მთლიანად დაკომპლექტება და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნა. სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს უნდა იყოს. სხვა საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტებიც უნდა ჩაერთნონ ამ პროცესში, რათა თავიდან იქნას აცილებული ის მძიმე პრობლემები, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვება ხოლმე - წერს რომან გოცირიძე.