სასიამოვნოა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი იქნება. ის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, როგორიც კელი დეგნანი იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ქართული ოცნება“ რუსეთის გზას დაადგა და ამ ისტორიულ მომენტში არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ, გამოკვეთილი აქვს ანტიდასავლური გეზი. ჩვენ ვისმენთ რიტორიკას, რითაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ. ასევე, თუ გავიხსნებთ აშშ-ის წინა ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია. ამავე დროს, კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ახალ ფურცელს გადაშლის და დაივიწყებს იმ უპატივცემულებას, შეცდომას, თუ დანაშაულს, რასაც სჩადიოდა და აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართ ავლენდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.