არავითარი იმპიჩმენტი პარლამენტში არ მოხდება, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. - აცხადებს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე.
არავითარი იმპიჩმენტი პარლამენტში არ მოხდება, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, შეთქმულების თეორიებში ჩაძირულებისათვის მაინც ყველაფერი წინასწარდადგმული და “ივანიშვილის თამაშები” იქნება.
ივანიშვილს რომ პრეზიდენტობა უნდა და ამისთვის დაატრიალა ეს ამბები, არის სისულელე. პოლიტიკაში მოსყიდვებიც ხდება და სუსტ ადგილებზე ზეწოლაც ანუ შანტაჟებიც და არასდროს არის მსგავსი რამ გამოსარიცხი, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრება იმდენად მრავალპლასტიანია და ჩახლართული, რომ არცერთი, ერთი შეხედვით მარტივი რამაც არ არის ადვილად მისაღწევი. როცა მხოლოდ 12 ხმაა საჭირო, გაიღოს თითო მილიონი დოლარი ივანიშვილმა და მორჩენილია საქმე, ხომ? ამდენს კენიიდან ბაობაბების ჩამოტანაში ხარჯავს, არა? არაა ეს ადვილი. იმიტომ კი არა, რომ ძუნწია ან იმიტომ კი არა, რომ უსპეტაკესი ადამიანებითაა წარმოდგენილი ოპოცია. იმიტომ, რომ ცხოვრება მრავალგანზომილებიანია და ამოუხსნელი - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს განახლდება.
ცნობისთვის, სხდომაში მონაწილეობას არ იღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).
№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა.