პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის მიხედვით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულება ემატება, რომლითაც დგინდება ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების წესი იმ ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, ენგურჰესი აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ აწვდის, რაც გამომუშავებულის თითქმის ნახევარს შეადგენს და, შესაბამისად, ეს დიდ ფინანსურ ტვირთად აწვება ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს.
„დღევანდელი მდგომარეობით, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას, გაითვალისწინება ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და აფხაზეთში უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა. შედეგად, დადგენილი ტარიფი ელექტროსადგურის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მინიმალური სახსრების შემოდინებას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სემეკი, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაანგარიშების დროს, უფლებამოსილი იქნება არ გაითვალისწინოს ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებას და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.