ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკულ სამიტში მიიღო  მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში გაიმართა და მას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან  270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების დელეგატებს შორის იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მოხსენებით გამოვიდა  ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სახელწოდებით „Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition.“

„ენერგეტიკის სექტორს დიდი წვლილი შეაქვს, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა ის უდიდეს ღირებულებას ქმნის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას,  რომ  საქართველომ შეინარჩუნოს  ერთ-ერთი ყველაზე  სწრაფად მზარდი ეკონომიკა და სასიხარულოა, რომ საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა. ჩვენ პრიორიტეტად ვაქციეთ ენერგეტიკის სექტორი და გვაქვს ამოცანა, მომდევნო 10 წელიწადში დადგმულმა სიმძლავრემ 11 500 მეგავატს მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება არა მხოლოდ თვითკმარი, არამედ ექნება ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობაც“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, საქართველო, რომელიც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის პროცესის განუყოფელი  ნაწილია, დიდ აქცენტს აკეთებს ინფრასტრუქტურის განახლებასა და მშენებლობაზე.

„საქართველომ დაიწყო  შავი ზღვის 1300 მეგავატიანი წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყანას  ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს  და მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტს უკვე მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ასევე ვართ მწვანე ენერგიის დერეფნის ნაწილი, რომელიც რეგიონული ინიციატივაა და  საშუალოდ, 4700 მეგავატის სიმძლავრეს მოიცავს. სწორედ ამ სულისკვეთებითა და 10-წლიანი გეგმით საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც რეგიონული ჰაბი არამხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ ტრანზიტსა და ლოგისტიკაშიც. მთავრობა უზრუნველყოფს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში (გადამცემი ხაზები, ქვესადგურები და ა.შ) მომდევნო 8-10 წლის განმავლობაში“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.