ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

საქართველოს მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.