საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ საქართველო გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც შეძლებს ერთდროულად დაძლიოს თანამედროვეობის სამი ძირითადი ეპიდემია. ეს გახლავთ C ჰეპატიტი, აივ/შიდსი და B ჰეპატიტი, - ასე უპასუხა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ კითხვას, რამდენად რეალურია, რომ მსოფლიოს ეს სამი ძირითადი ეპიდემია საქართველომ 2030 წლისთვის ერთდროულად დაძლიოს.
მისი თქმით, საქართველო, სავარაუდოდ, იქნება პირველი ქვეყანა, რადგან სხვა ქვეყნებს აქვთ წარმატებები ამ ინფექციების დაძლევაში, მაგრამ სხვადასხვა სეგმენტში.
„ზოგიერთ ქვეყანაში უფრო წინ არიან, ვთქვათ, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში. C ჰეპატიტში არავინ არის ჩვენზე წინ, მაგრამ B ჰეპატიტში არიან ქვეყნები, რომლებიც წინ არიან, თუმცა, ის, რომ სამივე ერთდროულად იყოს დაძლეული, ჯერჯერობით ამასთან ყველაზე ახლოს არის საქართველო.
C ჰეპატიტზე საუბარიც ზედმეტია უკვე, 87 ათასი განიკურნა სრულად და თუ პროგრამის დაწყების წინ C ჰეპატიტის გავრცელება იყო 5,4 პროცენტი მთლიან მოსახლეობაში, 2021 წელს ამერიკელების მიერ ჩატარებული კვლევით სულ 1,8 პროცენტი იყო, ანუ 67 პროცენტით იყო შემცირებული C ჰეპატიტის რაოდენობა 2021 წელს. ახლა კიდევ უფრო მეტით იქნება შემცირებული და 2025 წლისთვის საერთოდ დასრულდება ალბათ ელიმინაცია, ყოველ შემთხვევაში 2030 წლისთვის - ცალსახად. ასე რომ C ჰეპატიტზე ეჭვიც არ არის“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.