ყველა რესპირაციული ინფექციით ავადმყოფი თავიდანვე იწყებს ანტიბიოტიკის მიღებას, რაც კატეგორიულად არასწორია. ოჯახის ექიმმა ანტიბიოტიკი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა დანიშნოს, როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს, ან დასაბუთებულია რომ მას აქვს ბაქტერიული პნევმონია,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„გრიპს განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვს, თუმცა მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ამ რესპირატორული სიმპტომების ერთმანეთისგან სამწუხაროდ გარჩევა შეუძლებელია.
გრიპი იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციით, თავის ტკივილით, ხველებით. დანარჩენ რესპირატორული ინფექციებს ასეთი დასაწყისი არ ახასიათებთ. ისინი, როგორც წესი თანდათან იწყება , შედარებით უფრო დაბალი ტემპერატურით იწყება. გრიპის გარდა ძლიერი სისუსტე, ასევე ინტოქსიკაცია და სახსრების ტკივილი, მხოლოდ „კოვიდს“ ახასიათებს.
როდესაც ჩვენ რესპირატორული ინფექციები გაგვიჩნდება, ყველაზე ოპტიმალურია წავიდეთ შემდგი ალგორითმით, პირველი - ჩავიტაროთ ტესტი „კოვიდზე“, თუ კოვიდი დადასტურდა, რაც ახლა იშვიათად ხდება, მაშინ ეს ცნობილი გახდება ოჯახის ექიმისთვის , რადგან მაშინვე აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში და პაციენტის მართვა ხდება „კოვიდის“ პროტოკოლით.
თუ „კოვიდი“ არ დადასტურდა, ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რომ გვაქვს გრიპი. შესაძლოა გრიპზეც გაკეთდეს ტესტი, ოღონდ ეს არ არის სავალდებულო. ეს მნიშვნელოვანია ერთი რამისთვის, გრიპი ერთადერთი რესპირატორული ინფექციაა, რომელსაც აქვს სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“, რომელიც სწორი გამოყენების შემთხვევაში აჩქარებს გამოჯანმრთელებას და განკურნებას.
ყოველი 100 გრიპიდან ერთს შეიძლება ჰქონდეს პირველადი გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია. რაც შეეხება მეორად პნევმონიას, ეს უკვე გრიპის გართულებას წარმოადგენს და ეს ვითარდება ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების 10%-ში. ყველა რესპირაციული ინფექციით ავადმყოფი თავიდანვე იწყებს ანტიბიოტიკის მიღებას, რაც კატეგორიულად არასწორია. ოჯახის ექიმმა ანტიბიოტიკი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა დანიშნოს, როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს, ან დასაბუთებულია რომ მას აქვს ბაქტერიული პნევმონია“,- განაცხადა ცერცვაძემ.